ბებიაქალის ძალიან საჭირო რჩევები მომავალ დედებს

ბებიაქალის პროფესია ერთ-ერთი უძველესია. ძველ დროში მელოგინეს მშობიაროაბში ნათესავები ეხმარებოდნენ, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ ნამშობიარევი და დასწრებოდნენ მშობიარობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ ყოველთვის არ გამოსდიოდათ მშობიარის გადარჩენა. იმ დროს მოქმედებდა კანონი: „ძლიერი გადარჩება“. უძველეს ეპოქაში, ინდუსების, ებრაელებისა და ბერძნების წმინდა წიგნებში მოხსენიებულია ბებიაქალები, როგორც განსაკუთრებული კლასის სპეციალისტები, ხოლო ძველი ბერძნებისა და რომაელების ღმერთები ითვლებოდნენ მშობიარეების მფარველებად. ჰიპოკრატემ ბევრი ნაშრომი მიუძღვნა მშობიარობას და დამხმარე პერსონალს.
ბებიაქალის ინსტიტუტი დღესაც ძალიან პოპულარულია. ჩვენს კლინიკებში ბებიაქალის გარეშე პრაქტიკულად არავინ მშობიარობს. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ბებიქაალს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მას ძალიან ბევრი ფუნქცია აკისრია, ყველაზე დიდ დროს სწორედ ის ატარებს მელოგინესთან. მის მოვალეობებში შედის ფიზიოლოგიური მშობიარობის წარმართვა და ახალშობილის მდგომარეობის შეფასება, მშობიარის/ახალშობილის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროული იდენტიფიკაცია და სწორი გადაწყვეტილების მიღება, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა.
ბებიაქალი რატომღაც ასაკით უფროს ადამიანთან ასოცირდება, თუმცა ჩვენი რესპონდენტი ნინო ეგუტიძე, ახალგაზრდა ბებიაქალია, რომელიც ძალიან წარმატებულია თავის პროფესიაში. მას რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- როდის გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით ბებიაქალი?
- სკოლის ასაკიდან გადავწყვიტე, მინდოდა დახმარება გამეწია ქალებისთვის, თუმცა მანამდე არასდროს დავსწრებივარ მშობიარობას და არანაირი შეხება არ მქონია. სანამ სტუდენტი არ გავხდი და უშუალოდ არ დავდექი მშობიარესთან, მანამდე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა მშობიარობაზე.

- როგორი გრძნობაა, როდესაც ფაქტობრივად თქვენს ხელში იბადება ახალი სიცოცხლე?
- ყველა მშობიარე განსხვავდება ერთმანეთისგან, თითოეულ მათგანში რაღაც ახალს აღმოაჩენ. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, როდესაც ქალს ეხმარები მშობიარობაში და ახალი სიცოცხლის დაბადებაში იღებ მონაწილეობას. საოცარი დადებითი ემოციაა, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო მძაფრდება.

- რა უნარ-ჩვევების ქონაა საჭირო იმისთვის, რომ ბებიაქალობის პროფესიას წარმატებულად გაართვა თავი?
- უპირველესად საჭიროა, ძალიან კარგი ფსიქიკა გქონდეს. უნდა შეგეძლოს ნებისმიერი ტიპის ადამიანთან სრულფასოვანი კომუნიკაცია. შენი საუბრით მშობიარე უნდა დაიმორჩილო, შენი ნათქვამი აუცილებლად უნდა შეასრულოს. ეს ეხება სწორ სუნთქვას, ჭინთვის დროს მის ქცევას. თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი მშობიარობის დროს, ამ ყველაფერს ბებიაქალი კარნახობს მას. 100-დან 99% გვიჯერებს, რადგან ხვდება, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში მას ჩვენი თანადგომა სჭირდება.

- ძალიან ახლობელი ადამიანისთვის თუ გაგიწევიათ ბებიაქალობა? როდესაც თქვენი შვილი იმშობიარებს, დედა იქნებით თუ ბებიაქალი?
- მე ვყოფილვარ ჩემი ძალიან ბევრი მეგობრის ბებიაქალი, მიმშობიარებია მეგობრის შვილები, ასევე უახლოესი ნათესავები. შვილს რაც შეეხება, თვითონ ამბობს ჩემს მეგობარ კოლეგაზე, მან მინდა, მამშობიაროსო... მაგრამ ჩემი სიგიჟის პატრონი, არ ვიცი რას ვიზამ... ალბათ ხელებს ვერ გავაჩერებ, რადგან მასაც, როგორც პაციენტს, ისე შევხედავ.

- სასაცილო ისტორიები თუ გახსენდებათ თქვენი პრაქტიკიდან?
- სასაცილო იყო დიდი ხნის წინ, როცა ორი გოგოს მერე მამიკო ბიჭს ელოდებოდა (ექოსკოპიურად) და ტყუპი გოგო გაუჩნდა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე... კურიოზული მომენტები ხშირად ხდება ხოლმე, მშობიარობისას რას აღარ იტყვიან ხოლმე ორსულები. ყველაზე გავრცებეულია ფრაზაა: „მეორეს აუცილებად საკეისროთი გავაჩენ“. საბედნიეროდ, შემდგომშიც გვსტუმრობენ იგივე პაციენტები და წარმატებულად აჩენენ მომავალ ბავშვებს ფიზიოლოგიურად. კიდევ კარგი, ასეა, თორემ სულ აღარ იქნება საჭირო ბებიაქალი.

- თავად როგორი მშობიარობა გქონათ?
- მე ისეთ დროს ვიმშობიარე ამდენი თავისუფლება და ინფორმაცია არ იყო. ამ გადასახედიდან რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ კარგად ვიმშობიარე. რამდენიმე საათის ტკივილი ღირს იმად, რომ შენი ცხოვრების მთავარ ბედნიერებას შეხვდე და მასთან ერთად გაიარო ცხოვრების დიდი გზა. მშობიარობის პროცესში უამრავ კითხვას ვსვამდი, ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი და ეს მიადვილებდა მშობიარობის პროცესს. ისე, საზიზღარი პაციენტი ვარ, ყველაფერს ვკითხულობ, უამრავ კითხვას ვსვამ და აუცილებლად უნდა ვუყურო, რას მიკეთებენ. 

- რას ურჩევთ მშობიარეებს?
- დანამდვილებით შემიძლია ვუთხრა ყველა ორსულს, ყველა ქალს შეუძლია გაუძლოს ტკივილს, რადგან ტკივილის ბოლოს ყველაზე დიდი ბედნიერება ელის. ეს ისაა, რისთვისაც ქალმა უნდა გაუძლოს ეკალ-ვარდით მოფენილ გზას. როდესაც ბავშვს გულზე დაიწვენთ, დაგავიწყდებათ ყველანაირი ტკივილი, საერთოდ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. რამდენიმე საათის ტკივილი ამად ნამდვილად ღირს. 

- ისე, რამდენად პოპულარულია დღეს ბებიაქალის პროფესია საქართველოში?
- სამწუხაროა, რომ დღესდღეობით ძალიან ცოტას უნდა, გახდეს ბებიაქალი. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ფაქტობრივად ორი ადამიანის სიცოცხლე გაბარია. ყველაზე დიდ დროს მშობიარესთან ბებიაქალი ატარებს. ბავშვის გულისცემა, დედის წნევა, ზოგადი მდგომარეობა, ამ ყვეალფერის მონიტორინგს მშობიარობის განმავლობაში ბებიაქალი ახდენს. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ბედნიერებას, რომდესაც ახალი სიცოცხლე შენს ხელებში იბადება და წვლილი შეგაქვს ადამიანების დიდ ბედნიერებაში.
 

სალომე გორგოშიძე

წყარო: mshoblebi.ge