ის, რაც მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს - ექიმის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ძუძუთი სწორად კვებოთ ბავშვი, როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა, რა სარგებლობა მოაქვს ძუძუთი კვებას როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პედიატრი მარიკა პეტრიაშვილი გვესაუბრება. 

- უპირველესად, აუცილებელი და საჭიროა, რომ დედა ორსულობის პერიოდშივე იყოს ფსიქოლოგიურად მოტივირებული და მზად იმისთვის, რომ ბავშვი ძუძუთი კვებოს. მომავალი დედა ამისთვის შინაგანად უნდა ემზადებოდეს. ბავშვის დაბადების პირველივე წუთიდან უნდა განხორციელდეს „კანის კანთან“ კონტაქტი. ეს პროცესი ხელს უწყობს ადრეული ძუძუთი კვების დაწყებას. დედა და ჩვილი სამშობიარო სახლში 24 საათის განმავლობაში ერთად უნდა იმყოფებოდნენ. სამშობიარო ბლოკში მშობიარობის შემდგომი პროცესების მართვა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ ძუძუთი კვება წარმატებულად განხორციელდეს. 

- როგორი გარემოს შექმნაა საჭირო?
- გარემო უნდა იყოს მშვიდი, მეგობრული, ოჯახზე ორიენტირებული. მშობიარობის შემდეგ ქალს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საყვარელი ადამიანები, პირველ რიგში მეუღლე, გვერდით ჰყავდეს. 

- რამდენად მოქმედებს ლაქტაციის პროცესზე დედის განწყობა და ემოცია?
- დედის განწყობა და ემოცია ლაქტაციაზე პირდაპირ აისახება. ლაქტაცია ეს არის ტვინიდან მომდინარე პროცესი, რომელსაც ჰიპოფიზი და ჰორმონები მართავს. ნებისმიერი სტრესი, დაძაბულობა, ფიზიკური გადაღლა, არამეგობრული დამოკიდებულება ხელს უშლის ლაქტაციას. კეთილგანწყობილი გარემო და დადებითი ემოცია კი, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ამ პროცესზე.

- ახალბედა დედებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ლაქტაციასთან დაკავშირებით, აქვთ დისკომფორტი ბავშვის კვების დროს, თავს იჩენს ძუძუს თავების დახეთქვა, ტკივილი, სისხლიანი გამონადენი ძუძუს თავებიდან. როგორ შეიძლება ამ პრობლემის პრევენცია და მოგვარება?
- ამ პრობლემების მოგვარება სავსებით შესაძლებელია, თუ დედას ორსულობის პერიოდშივე ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიაწოდოს ბავშვს ძუძუ სწორად. ძუძუთი კვებას გარკვეული წესების აქვს, გასათვალისწინებელია გარკვეული პოზიციები და პრინციპები, რომლებიც ძუძუთი კვების დროს დედამ აუცილებად უნდა დაიცვას.
ძუძუს წოვის დროს ბავშვს პირი ფართოდ უნდა ჰქონდეს გაღებული; ორივე ტუჩი გადმობრუნებული უნდა იყოს; პირში ბავშვს უნდა ედოს არა მხოლოდ ძუძუს დვრილი, არამედ დვრილის ირგვლივ არსებული არეოლა; დედისა და ბავშვის სხეული კვების დროს ურთიერთპარალელურ რეჟიმში უნდა იყოს; ბავშვს ორივე ძუძუ თანაბრად უნდა მოაწოვოთ. აუცილებად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ბავშვი მხოლოდ წოვს ძუძუს თუ სვამს რძეს. დღეს ორსულთათვის არსებობს ძალიან კარგი მშობელთა სკოლები, სადაც მათ პრაქტიკულად ასწავლიან, როგორ კვებონ ბავშვი, როგორი პოზები უნდა გამოიყენონ ლაქტაციის დროს. მიღებული ცოდნა მათ გაუადვილებს ლაქტაციის პროცესს, ისინი მომზადებულები შეხვდებიან თავიანთ პატარას. 

- რა შუალედით უნდა კვებოს დედამ ჩვილი ძუძუთი (ბავშვის ასაკის მიხედვით)? 
- ბავშვი რამდენჯერაც მოითხოვს ძუძუს, დედამ იმდენჯერ უნდა შესთავაზოს პატარას. ზოგიერთი ბავშვი ე.წ. „ზარმაცი“ ბავშვის კატეგორიას მიეკუთვნება და შიმშილის გრძნობას აგრესიული ტირილით არ გამოხატავს. ამ დროს დედა ძალიან მოტივირებული უნდა იყოს და გაფაციცებით ადევნებდეს თვალს, თუნდაც ბავშვის ელემენტარულ მოძრაობას. შეიძლება ბავშვს შიოდეს, უბრალოდ ეს თქვენ ვერ გაგაგებინოთ. ამიტომ რაც მეტჯერ შესთავაზებთ მას ძუძუს, მით უკეთესი გახდება ლაქტაციის პროცესი და ძუძუთი კვება წარმატებულად განხორციელდება. დღეში არანაკლებ 8-ჯერ უნდა შესთავაზოს დედამ ბავშვს ძუძუ. ახალშობილს 12-18-ჯერ დღე-ღამეში სჭირდება ძუძუს შეთავაზება, რომ ნელ-ნელა  მიეჩვიოს ამ პროცესს. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი თავად, ბუნებრივად აკეთებს კვებებს შორის 2-საათნახევრიან, სამსაათიან შუალედებს. 

- ხშირად ლაქტაციის პირველ დღეებში დედებში თავს იჩენს სიცხე, რა უნდა მოიმოქმედოს დედამ ამ დროს, დასაშვებია თუ არა სიცხის დამწევი მედიკამენტის მიღება და ბავშვის კვება?
- თუ ტემპერატურა გამოწვეულია ძუძუს გადავსებით, ბავშვს რაც შეიძლება ხშირად უნდა შევთავაზოთ ის. ხოლო თუ ბავშვი ვერ ერევა ამ რაოდენობის რძეს, მაშინ დედამ თავად უნდა გამოიწველოს რძე. არსებობს მექანიკური და ელექტრო გამოსაწური ხელსაწყოები, რომლის გამოყენებაც ამ სიტუაციაში დასაშვები და საჭიროა. ტემპერატურის დროს აუცილებელია დედამ კონსულტაცია გაიაროს ექიმთან, რადგან, შესაძლოა, მშობიარობის შემდგომი ტემპერატურა მხოლოდ ძუძუს რძით გადავსებას არ უკავშირდებოდეს. რაც შეეხება ამ დროს ბავშვის კვებას, არსებობს გარკვეული სახის სიცხის დამწევი მედიკამენტები, რომელთა მიღებაც ლაქტაციის დროს დედისთვის დასაშვებია და საფრთხეს არ წარმოადგენს ბავშვისთვის. 38-ნახევრამდე თუ არის დედის სხეულის ტემპერატურა, მაშინ ბავშვის კვება დასშვებია. თუ ტემპერატურა უფრო მეტია, მაშინ ჯობს დედამ დროებით შეწყვიტოს ბავშვის კვება, რძე გამოიწველოს, გადაასხას და მხოლოდ სიცხის დაწევის შემდეგ გააგრძელოს ბავშვის კვება. 

- თუ ტემპერატურა ვირუსით და გაციებით არის გამოწვეული, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?
- დედამ პირველ რიგში, უნდა უმკურნალოს საკუთარ თავს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოს ბავშვის ძუძუთი კვება. მან უნდა გაიკეთოს სახეზე დამცავი ნიღაბი, მაქსიმალურად გააძლიეროს თავისი სხეულის ჰიგიენა. ხშირად უნდა დაიბანოს ხელები. ასევე ხშირად უნდა გამოცვალოს როგორც პირადი, ასევე ბავშვის თეთრეული. ჰაერწვეთოვანი ვირუსი ბავშვს დედის რძით არ გადაეცემა, ამიტომ ამ დროს ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა დაუშვებელია. 

- ახალბედა დედებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ რძე ცხიმიანი არ არის, ის ვერ ანაყრებს ბავშვს და არ არის მისთვის სასარგებლო, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- დღევანდელი მედიცინა გვაძლევს იმ ცოდნას, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. ყოველი ქალის რძე არის აბსოლუტურად ინდივიდუალური, ის არ ჰგავს მეორე ქალის რძეს. ცხიმიანობის თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, ყველა ქალის რძე ერთმანეთისგან განსხვავებულია. მეტსაც გეტყვით, ერთი და იგივე ქალის რძე დღის სხვადასხვა მონაკვეთშიც კი განსხვავებულია თავისი შემადგენლობით. რძე არის ცოცხალი, ის სულ მოძრაობს, სულ იცვლება. ყოველი ქალი გამოიმუშავებს იმ რძეს, რომელიც მისი შვილისთვის არის იდეალურად შესატყვისი. რძის დაბალი ცხიმიანობის შემთხვევაში დედას უნდა ვასწავლოთ როგორ მისცეს პატარას ე.წ. „უკანა რძე“, რომელიც მეტად ცხიმიანია. დედამ ორივე ძუძუ უნდა შესთავაზოს ბავშვს ერთი კვების დროს, თითო ძუძუ ბავშვმა 15-20 წუთის განმავლობაში უნდა წოვოს. ამის შედეგად სარძევე ჯირკვალში არსებული უკანა აცინუსებიდან წამოსული რძის ფრაქცია, ანუ ე.წ „უკანა რძე“ წამოვა, რომელიც ცხიმით მეტად მდიდარია. 

- დღესდღეობით ძალიან პოპულარულია რძის .გამოსაწველიაპარატები, რა გვეტყვით, რამდენად ეფექტურია და რეკომენდირებული როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის
- რეალურად, ყვეალზე კარგი გამოსაწველი საშუალება დედისთვისა არის ბავშვი, რომელიც კარგად წოვს ძუძუს. მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ბავშვი ვერ ერევა ჭარბად მოსულ რძეს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასაშვებია მექანიკური თუ ელექტრო გამოსაწველი აპარატების გამოყენება. 

- როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა?
- მეძუძური დედა ბალანსირებულად და სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, უნდა ღებულოდბეს ცილასაც, ცხიმსაც, ნახშირწყალსაც, რძის პროდუქტებს, ხორცს, ბოსტნეულს. მკაცრი დიეტის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. არსებობს გარკვეული რეკომენდაცია - სასურველია დღეში 1 ლიტრით მეტი სითხის მიღება, ვიდრე დედა იღებდა  ორსულობამდე. სასურველია 1 ულუფა წვნიანი კერძი. დედამ არ უნდა მიიღოს არაჯანსაღი, ე.წ „ფასთ ფუდის“ ტიპის პროდუქტები. დედებს ვურჩევთ, არ მიიღონ შებოლილი, კონსერვირებული პროდუქტები, ენერგეტიკული, გაზიანი სასმელები. 

- რა პრობლემის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ბავშვის ძუძუთი კვება?
- არსებობს დედისმხრივი და ბავშვისმხრივი პრობლემები. არსებობს ძუძუთი კვების აბსოლუტური უკუჩვენება და დროებითი უკუჩვენება. არის დედის ისეთი დაავადებები, როდესაც კატეგორიულად იკრძალება ძუძთი კვება, მაგალითად შიდსის დროს, ე,წ „ნეკერჩხლის სიროფის“ დაავადების დროს. დროებითი უკუჩვენება არის ტუბერკულოზის აქტიური ფაზა, ძუძუს დვრილის ჰერპესი. ძუძუთი კვების უკუჩვენებას არ წარმოადგენს არც ერთი ტიპის ჰეპატიტი. ბავშვის მხრივაც არსებობს გარკვეული დროებითი სახის უკუჩვენებები: ღრმა დღენაკლულობა, სუნთქვის უკმარისობა, ამა თუ იმ ორგანოთა დაავადება, როდესაც ბავშვს არ შეუძლია განახორციელოს ძუძუთი კვება. ეს დროებითი უკუჩვენებაა. როდესაც ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება, თუ ჯერ მას არ აქვს წოვის უნარი და ეს მისთვის არ შეიძლება, მას ეძლევა დედის გამოწველილი რძე. როგორც კი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდება, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ძუძუთი კვება. 

- ლაქტაციის შეწყვეტისთვის გავრცელებული მეთოდებია სპეციალური აბების მიღება, მკერდის .. „აკვრა“. შეიძლება თუ არა ექიმთან ვიზიტის გარეშე, თვითნებურად ლაქტაციის შეწყვეტა, რძის გაშრობა და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას?
- კატეგორიულად არ შეიძლება ლაქტაციის შემწყვეტი მედიკამენტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 9 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმი ემზადება ლაქტაციის პროცესისთვის, ერჯერადად ან რამდენჯერმე მიღებულმა აბებმა კი მთელი ეს პროცესი უნდა შეაჩეროს. წარმოიდგინეთ, რამხელა რყევაა ეს ორგანიზმისთვის. ლაქტაციის შესაჩერებელ აბებს აქვთ ძალიან ცუდი გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებებიც, ამიტომ მათი თვითნებურად მიღება დაუშვებელია. მექანიკური ხერხებით ლაქტაციის შეჩერება არ შეიძლება. შესაძლოა, თვითნებურმა მოქმედებამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვიოს და ოპერაციული ჩარევაც კი გახდეს საჭირო. 

- რა არის ხსენი და რა სარგებლობა მოაქვს მას ბავშვისთვის?
- ხსენი არის ე.წ. საწყისი რძე. ხშირად ის ბავშვის დაბადებამდე გამოიყოფა. მოყვითალო-მოყავისფრო სითხე მდიდარია ანტისხეულებით, შეიცავს დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონს, შეუცვლელ ნუკლეოტიდებს, ამინომჟავებს, ცილას, ნახშირწყალს. ხსენის მიღების შესაძლებლობა ადამიანს ეძლევა სიცოცხლეში მხოლოდ დაბადებიდან 1-2 დღეს, ამიტომ დედ უნდა ეცადოს, რომ ბავშვს ხსენის მიღების უნიკალური შანსი არ დაუკარგოს. 

- რა ასაკამდე არის რეკომენდირებული ბავშვის ძუძუთი კვება?
- წლი-ნახევრამდე ძუძუთი კვება აუცილებელი და სასარგებლოა. 6 თვემდე ბავშვის მხოლდ ძუძუთი კვება არის იდეალური და შეუცვლელი, მას უწოდებენ - ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას. 6 თვის შემდეგ დედის რძე თავისი ინგრედიენტებით სრულად ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებებს, ამიტომ საჭიროა დამატებითი საკვების მიცემაც. 18 თვის ასაკიდან, როდესაც ბავშვი საერთო მაგიდასთან ზის და ფეხიც ადგმული აქვს, დედის რძეს კვებითი ღირებულება რეალურად აღარ აქვს. ამ დროს ძუძუთი კვება მხოლოდ ემოციური მიჯაჭვულობის გამომხატველია, ეს უკვე ჩვილობის ასაკში უნდა დარჩეს. ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ადრეული ბავშვობის ასაკში და დავემშვიდობოთ ძუძუთი კვებას. 

- რა სარგებლობა მოაქვს ძუძუთი კვებას ბავშვისა და დედისთვის?
- სარგებელი განუზომელია. ბავშვისთვის ეს არის ერთადერთი საკვები, „ოქროს სტანდარტი“, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ადექვატურ ზრდა-განვითარებას, მის ფსიქოლოგიურ და ემოციურ სწორ განვითარებას, იმუნური სისტემის, ნაწლავის მიკროფლორის, მისი მომავალი ჯანმრთელობის ფორმირებას. დედისთვის ეს არის ლოგინობის პერიოდში სისხლდენის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება, საშვილოსნოს ნორმალურად შეკუმშვის უზრუნველყოფა, ფსიქოლოგიური კომფორტი, ბუნების, უზენაესი შემოქმედის დადგენილი და შეუცვლელი ტრადიცია. 
სალომე გორგოშიძე