ორსულობა და ფიზიკური ვარჯიშები

რისთვის არის საჭირო ორსულობის დროს ვარჯიში და რას უწყობს იგი ხელს? ორსულობის რომელი ვადიდან არის დასაშვები ფიზიკური ვარჯიშების დაწყება? ორსულთათვის საინტერესო თემებზე მეთოდისტი ნინო კობრეშვილი გვესაუბრება.

- ორსულობის რომელი ვადიდან არის დასაშვები ორსულთა ფიზიკური ვარჯიშების დაწყება?
- ორსულობის პირველი კვირებიდან შეიძლება ვარჯიშის დაწყება. ითვლება, რომ ვარჯიში უსაფრთხოა ორსულობის პირველივე დღეებიდან, თუ არ დგას ნაყოფის მოშლის საშიშროება, თუმცა, ძირითადად მეორე ტრიმესტრში მოგვმართავენ. სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს გინეკოლოგთან, რომელიცშეაფასებს თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოგცემთ ვარჯიშის რეკომენდაციას. კვირაში სამჯერ ვარჯიში სავსებით ნორმალური და საკმარისია, დანარჩენ დღეებში ორსულებს ვურჩევთ ისეირნონ სუფთა ჰაერზე. ვარჯიში სასურველი წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. ორსული ქალი ორჯერ მეტ კალორიას წვავს ვარჯიშის დროს. 

- რისთვის არის საჭირო ორსულობის დროს ვარჯიში? რას უწყობს ხელს?
- ორსულობა და მშობიარობა დიდი ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო კარგად არის ორსული ფიზიკურად მომზადებული, მით უფრო კარგად გრძნობს თავს ორსულობის პერიოდში. მშობიარობის პროცესი ერთგვარად ფიზიკურ ვარჯიშთან არის დაკავშირებული, ამიტომ ითვლება, რომ რაც უფრო კარგად არის ორსული ფიზიკურად მომზადებული, მით უფრო ადვილად ჩაივლის ეს პროცესი. ორსული რეგულარული ვარჯიშის დროს უფრო აქტიურად და ენერგიულად გრძნობსთავს, მცირდება დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი ზურგის და გავის არეში, უმჯობესდება ნაწლავების პერისტალტიკა.

- კონკრეტულად ორსულთა რა სახის ვარჯიშები არსებობს
- სპეციალურად ორსულებისთვის არსებობს ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც უსაფრთხოა დედისა და ნაყოფისთვის. ყველა ტიპის ვარჯიში არ არის მიზანშეწონილი, ზოგიერთი კი კატეგორიულად აკრძალულია. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ორსულმა თვითნებურად მიმართოს ვარჯიშის ამა თუ იმ სახეობას. საჭიროა ექიმისა და მეთოდისტის კონსულტაცია, შესაძლებელია ორსულთათვის კონკრეტული ვარჯიშების შერჩევა მათი ფიზიკური აღნაგობიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ქალი ორსულობამდე იყო დაკავებული სპორტით, მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის ვარჯიშებს აკეთებდა ყოველდღიურად, ყველა ვარჯიში და ყველა ტიპის მოძრაობა არ არის რეკომენდებული. სასურველია ვარჯიში განაგრძონ სპეციალური მოდიფიცირებული ვარჯიშით, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა დედისა და ნაყოფისთვის.

- რა შემთხვევაში არ შეიძლება ორსულობის დროს ფიზიკური ვარჯიშების შესრულება?
- არ შეიძლება ვარჯიში იმ შემთხვევაში, თუ ორსულს აღენიშნება: 

  • სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა;
  • პლაცენტის ქვედა მდებარეობა;
  • მოშლის საშიშროება;
  • წინა ორსულობის დროს ნაადრევი მშობიარობის შემთხვევა;
  • ასევე თავს ვიკავებთ ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში ან მსუბუქი ვარჯიშით შემოვიფარგლებით.

- მშობიარობის შემდეგ, რამდენ ხანში შეიძლება ვარჯიშის კვლავ განახლება?
- ამ შემთხვევაში გააჩნია უკვე მშობიარობის ტიპს. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ - შედარებით ადრე, საკეისრო კვეთის შემთხვევაში - ცოტა მოგვიანებით, ძირითადად მაინც 4-6 კვირის შემდეგ ვურჩევთ ვარჯიშს.
სალომე გორგოშიძე