ფსიქოლოგის ძალიან საჭირო რჩევები ორსულებს

როგორ უნდა მოემზადოს ქალი მშობიარობისთვის, როგორ უნდა აიმაღლოს გუნება-განწყობა ორსულობის დროს და როგორ უნდა გაუმკლავდეს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, ამ და ორსულთათვის სხვა მნიშვნელოვან თემებზე, ფსიქოლოგი ნინო ტაბუცაძე გვესაუბრება. 

- როგორ შეგვიძლია, ორსულობისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ?
- ქალი ან არის მომწიფებული ფსიქოლოგიურად ორსულობისთვის ან არა, შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი მოუმწიფებლობისა იყოს პატარა ასაკი, როდესაც ქალი არ არის მზად, აიღოს პასუხისმგებლობა, და ასევე სხვა სოციალური თუ ეკონომიური ფაქტორები შეიძლება იყოს ქალისთვის ხელისშემშლელი, რომ სურდეს,იყოლიოს შვილი.

- რამდენად შეიძლება, ფსიქოლოგიური ფაქტორი იყოს უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი?
- ზოგჯერ გვსმენია და ახლობელ ადამიანებსაც შემთხვევიათ მსგავსი რამ, როდესაც ბავშვს იშვილებენ და მოკლე ხანში საკუთარი შვილიც შესძენიათ, აქდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორი უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. ამ დროს უმჯობესია უშვილო წყვილებთან იმუშაოს ფსიქოლოგმა, შცვალოს მათი განწყობა, მოუხსნას დაძაბულობა, რადგან უშვილო წყვილები მუდმივად დაძაბულობას განიცდიან. მათი გონება დაკავებულია ამ საკითხებზე ფიქრით. მათ, რა თქმა უნდა, ესაჭიროებათ განტვირთვა და სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანა. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვა რამეზე ყურადღების მომართვა ამ პრობლემას შველის, პაციენტები აღნიშნავენ, რომ სწორედ მაშინ ეწვიათ ბედნიერება, როდესაც ამას საერთოდ არ მოელოდებოდნენ. 

- ორსულობის პერიოდში ხშირად თავსიჩენს ტოქსიკოზი, ორსულები უფრო მეტად მგრძნობიარეები ხდებიან, ვიდრე ორსულობამდე იყვნენ. რას ურჩევთ მათ, როგორ აიმაღლონ განწყობა?
- ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით, სწორედ ეს იწვევს სტრესულ მდგომარეობას, გაღიზიანებას, სევდას. ამ დროს ქალის გუნება-განწყობის ამაღლების პროცესში ოჯახის წევრები და გერშემო მყოფები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი. სასურველია, ორსულებმა ხშირად ისეირნონ მეუღლესთან ერთად. აუცილებელია ურთიერთობა სხვა ორსულებთან. ორსულთათვის საუკეთესო ადგილია მშობელთა სკოლები, სადაც ისინი სპეციალურ ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებენ, ასევე სწავლობენ ბავშვის მოვლას, იგებენ თეორიულ ინფორმაციას მშობიარობის, გაუტკივარების და სხვა მათთვის საინტერესო თემების შესახებ. ეს პროცესი შემეცნებითია და ამავდროულად დადებითად მოქმედებს ორსულის განწყობაზე. მსგავსი პრაქტიკა ნაცადია არაერთ განვითარებულ ქვეყანაში, საზღვარგარეთ მშობელთა სკოლებში სიარული ძალიან პოპულარულია. 

- პირველი ორსულობა და მშობიარობა გარკვეულ შიშსაც უკავშირდება. ალბათ, მშობიარობისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება ორსულობის დადგომიდანვე უნდა დავიწყოთ.
- არის სპეციალური მეთოდი, რომლის დახმარებითაც ვამზადებთ ორსულებს მშობიარობისთვის. ეს მეთოდი მოიცავს სხეულისა და სუნთქვის ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება მშობიარე ქალს, გაიადვილოს მშობიარობის პროცესი. კარგია, თუ ფსიქოლოგთან მომზადებას ორსული მეორე ტრიმესტრიდან დაიწყებს. სწორედ სუნთქვითი ვარჯიშები ეხმარება ორსულს მშობიარობის პროცესის შემსუბუქებაში. ქალი ამ ვარჯიშებთან ერთად იღებს ინფორმაციას მშობიარობის შესახებ, მან იცის, რა დროს როგორ მოიქცეს. მისი განწყობაც შეცვლილია, ის არ ფიქრობს ტკივილზე, ის ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია.

- ურჩევთ თუ არა ორსულებს, წინასწარ მონიახულონ გარემო, სადაც მშობიარობას აპირებენ?
- რა თქმა უნდა. მშობიარობამდე გარკვეული ხნით ადრე უნდა მიბრძანდნენ მათ მიერ შერჩეულ სამშობიაროში და დაათვალიერონ გარემო, სადაც მათი პატარა უნდა მოევლინოს ქვეყანას. თუ ორსულს წინასწარ ექნება მიღებული ინფორმაცია სამშობიარო ადგილის შესახებ, ეს მასზე დადებითად იმოქმედებს, მოუხსნის უცხო გარემოსთან ადაპტაციის უხერხულობას. 

- მშობიარობის შემდგომი პერიოდი დედისთვის, რა თქმა უნდა, სიხარულის მომტანია, მაგრამ ასევე ხშირია მშობიარობის შემდგომი დეპრესია. როგორ უნდა გადავლახოთ ეს პერიოდი?
- აუცილებელია, ორსულმა იცოდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ, თუ რა იწვევს, როდის შეიძლება განვითარდეს, რა ნიშნები ახასიათებს, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს და თუ რაიმე ნიშნები გამოვლინდა, როგორ უნდა გაუმკლავდეს. ასევე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მეუღლეს, რომ ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ამის დაძლევაში. სასურველია, რომ როგორც კი მისი ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას მისცემს, დაიწყოს მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები: ფეხით სეირნობა, ცურვა და შეეცადოს ნაკლებად მოხვდეს სტრესულ სიტუაციაში. მეუღლეებს და ოჯახის წევრებს კი ვაძლევთ რეკომენდაციას, იზრუნონ დედის გუნება-განწყობილებაზე, დაეხმარონ მას ბავშვის მოვლასა და საოჯახო საქმეებში.
სალომე გორგოშიძე