მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები

მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები

მენსტრუაცია (იგივე თვიური) სქესობრივად მომწიფებული ქალის საშვილოსნოდან განვითარებული ფიზიოლოგიური სისხლდენაა. მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) ფუნქციური შრე ჩამოიფცქვნება. ეს ფიზიოლოგიური პროცესი იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და 40-55 წლის ასაკში წყდება, რის შემდეგაც დგება მენოპაუზა. მენსტრუაცია, ჩვეულებრივ, 3-5 დღეს გრძელდება.

პირველ მენსტრუაციას მენარქე ეწოდება. ეს უკანასკნელი ზოგჯერ იგვიანებს, რა არის ამის მიზეზი? რა ფაქტორები განაპირობებს მენარქეს გადავადებას? როდის უნდა მივმართოთ ექიმ გინეკოლოგს საკონსულტაციოდ? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ მეან-გინეკოლოგს, ხათუნა შაიშმელაშვილს:

– ქალბატონო ხათუნა, რომელი ასაკი მიიჩნევა მენარქეს ფიზიოლოგიურ ვადად, ანუ როდის უნდა დაეწყოს გოგონას პირველი მენსტრუაცია?

– გოგონების უმეტესობას მენარქე ეწყება 11-13 წლის ასაკში. შემთხვევათა 5-12%-ში ეს ხდება 11 წლის ასაკზე ადრე, რაც, აგრეთვე, შეიძლება ჩაითვალოს ნორმად. დაგვიანებულ მენარქეზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც გოგონას უკვე შეუსრულდა 15-16 წელი და პირველი მენსტრუაცია ჯერ კიდევ არ მოსვლია. მენარქეს დადგომას ხშირად წინ უსწრებს ე.წ. ფიზიოლოგიური ლეიკორეა – თხელი, თეთრი, უსუნო გამონადენი საშოდან, რაც ხშირად მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება ხოლმე. ეს ფიზიოლოგიური პროცესია და აიხსნება ესტროგენების მასტიმულირებელი გავლენით საშოს ლორწოვანზე.

– რატომ იგვიანებს ზოგჯერ მენარქე? რა განაპირობებს პირველი თვიურის გადავადებას?

– მენსტრუალური ფუნქციის ნორმალურად ჩამოყალიბებასა და მიმდინარეობაში მონაწილეობს ორგანიზმის მრავალი რგოლი: ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, საკვერცხე და შემსრულებელი ორგანოები – საშვილოსნო, საშო. ამ რგოლებიდან თუნდაც ერთ-ერთის „ამოვარდნამ“ შეიძლება დაარღვიოს ეს ნატიფი ფიზიოლოგიური პროცესი. ამდენად, პირველი თვიურის გადავადების მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი, გენეტიკური და ანატომიური დარღვევებით დაწყებული, ენდოკრინული და ნერვული სიტემის არასრულფასოვანი მუშაობით დამთავრებული.

– როდის, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმ-გინეკოლოგს კონსულტაციისთვის?

– ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი უნდა დაიგეგმოს, თუ გოგონას 16 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ ჰქონია მენარქე, თუმცა, ნორმალურად ჩამოუყალიბდა მეორეული სასქესო ნიშნები (სარძევე ჯირკვლების განვითარება, თმიანობა ბოქვენსა და იღლიის ფოსოებში), და უფრო ადრეც, თუ 13 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ დაწყებულა მეორეულ სასქესო ნიშნების მცირედი ჩამოყალიბება მაინც.

მშობლის ყურადღებას მოითხოვს ისეთი ნიშნებიც, როგორებიცაა გოგონას სიმსუქნე ან, პირიქით, წონის დეფიციტი, აკნე, თმიანობა, სტრიები და პიგმენტაცია კანზე.

– რომელი გამოკვლევებია აუცილებელი ასეთ დროს?

– პირველ რიგში, აუცილებელია: სრულფასოვანი გამოკითხვა, ოჯახური ანამნეზის დეტალური შესწავლა, შესაძლო ქრომოსომული პათოლოგიის გამოსარიცხად, უნდა შეფასდეს ოჯახის წევრი ქალების სიმაღლე, გაირკვეს მიმდინარეობდა თუ არა ბავშვთა ასაკი ნორმალურად, სახეზე არის თუ არა ჰიპერანდროგენიზაციის სიმპტომები – აკნე, ჰირსუტიზმი, ვირილიზაცია, გოგონა ხომ არ ღებულობს რაიმე მედიკამენტს, ჰქონდა თუ არა სტრესი, გადატანილი აქვს თუ არა მძიმე დაავადებები.
სრულფასოვანი ობიექტური დათვალიერების შემდეგ გვეხმარება გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდი: ექოსკოპია (მცირე მენჯის ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის), თავის ტვინის რენტგენოგრაფია, თურქული კეხის აღწერით, ჰორმონული კვლევები (FSH, TSH, პროლაქტინი, ესტრადიოლი, LH, DHEA-S და სხვა).

– არაბალანსირებული კვების, გამუდმებული დიეტების, გადაღლილობისა თუ ხშირი სტრესების ფონზე, ზოგჯერ მოზრდილებსაც ერღვევათ მენსტრუალური ციკლი და გარკვეული დროით გადაცდენა აღენიშნებათ. რა იწვევს ასეთ გადაცდენას და როდის არის ის საყურადღებო?

– სქესობრივი მომწიფება ზრდა-განვითარების ის პერიოდია, როცა მრავალი პათოლოგია იჩენს თავს და უკვე არსებული ღრმავდება. ბოლო ათწლეულებში სქესობრივი მომწიფების ნორმალურ მიმდინარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს ზოგადად ცხოვრების ტემპის აჩქარება, მოზარდის არასაკმარისი ძილი, ღამისთევა, გაკვეთილების მოსამზადებლად დროის არასწორი შერჩევა, ღამით მეცადინეობა, სტრესი, ჯანმრთელობისათვის მავნე დანამატებით გაჯერებული საკვები პროდუქტები, კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელების მოხმარება. ეს ყველაფერი იწვევს მთელ რიგ დარღვევებს მენსტრუალური ციკლის ნორმალური ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
იგივე შეიძლება ითქვას მოზრდილების შემთხვევაშიც. არახელსაყრელმა ფაქტორებმა შეიძლება დაარღვიოს უკვე ნორმალურად ჩამოყალიბებული მენსტრუალური ციკლი, გამოიწვიოს არა მარტო მენსტრუაციის გარკვეული დროით გადაცდენა, აგრეთვე დისფუნქციური სისხლდენები, რაც ექიმ-გინეკოლოგის მეთვალყურეობასა და მკურნალობას მოითხოვს.

– რა არის არარეგულარული მენსტრუაციის ყველაზე ხშირი მიზეზი?

– როგორც ზემოთ აღინიშნა, არარეგულარული მენსტრუაციის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის, ნერვული სისტემისა და ჰორმონული დარღვევები, ანატომიური წარმონაქმნები, როგორებ8იცაა საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, ენდომეტრიუმის პოლიპები, უნდა ვახსენოთ ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და კიდევ სხვა მრავალი, რომელთა დიაგნოსტირება დღეისათვის სირთულეს არ წარმოადგენს.

– რა არის მთავარი მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად? რა რეკომენდაციებს მისცემთ ამ კუთხით გოგონებსა თუ ქალებს?

– აუცილებელია, მოზარდებმაც და ზრდასრულებმაც გაითვალისწინონ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, დაიცვან სწორი ძილისა და კვების რეჟიმი, დაკავდნენ ზომიერი სპორტული აქტივობებით, მოერიდონ სტრესულ სიტუაციებს, რაც აგვარიდებს ჰორმონულ დისბალანსსა და ფიზიოლოგიურ პროცესთა დარღვევას.

წყარო: Mkurnali.ge