როგორ უნდა მოუაროთ ახალშობილს ზაფხულში - პედიატრის რჩევები

რა პირობების შექმნაა საჭირო ზაფხულში დაბადებული ახალშობილისთვის?
დღის რომელ მონაკვეთშია სასურველი ბავშვის გარეთ გასეირნება?
რამდენად დასაშვებია სახლში კონდინციონერის და სხვა ტიპის გამაგრილებელი სისტემების ჩართვა, როდესაც სახლში ჩვილია?

ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე პედიატრი-ნეონატოლოგი, მარიკა პეტრიაშვილი გვესაუბრება:

- რა პირობების შექმნაა საჭირო ზაფხულში დაბადებული ახალშობილისთვის?
- ერთ წლამდე ბავშვს ზაფხულობით განსაკუთრებული ადგილმონაცვლეობა არ ესაჭიროება. სასურველია გრილი და ჟანგბადით მდიდარი გარემო. შეიძლება გაყვანა ქალაქგარეთ, სადაც ნაკლებია მანქანების გამონაბოლქვი და მტვერი.

- რა უნდა ჩავაცვათ ზაფხულში დაბადებულ ახალშობილს სიცოცხლის პირველ დღეებში და შემდეგ?
- ზაფხულში დაბადებულ ახალშობილებს სიცოცხლის პირველ დღეებში და შემდეგაც სასურველია ეცვათ ბუნებრივი, ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი. პირველ დღეებში დაგვჭირდება გრძელმკლავიანი მაისურები და გრძელი შარვლები, ასევე ბამბის თხელი წინდები. შემდგომში, ამინდის და ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად, შეიძლება მოკლემკლავიანი ან უმკლავო მაისურების, მოკლე შარვლების და ბოდეების ჩაცმაც. ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში შეიძლება ბავშვი მხოლოდ საფენით დავტოვოთ.

- დღის რომელ მონაკვეთშია სასურველი ბავშვის გარეთ გასეირნება?
- გასეირნება სასურველია დილის საათებში - 8 საათიდან 11 საათამდე დროის შუალედში და საღამოს, 6-დან 8 საათის შუალედში. გაითვალისწინეთ, რომ საღამოს საათებში ბავშვი არ გაასეირნოთ წყლის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დროის ამ მონაკვეთში კოღოების და სხვა მწერების სიმრავლე შეიძლება იყოს. საღამოს საათებში გასეირნების დროს სასურველია, სხეულის ღია ადგილები იყოს დაფარული ისევ და ისევ მწერებისაგან დაცვის მიზნით.აუცილებელი ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება კარებზე და ფანჯრებზე დამონტაჟებული იყოს მწერებისგან დამცავი ბადეები. 

- რამდენად არის რეკომენდირებული ზაფხულში დაბადებული ჩვილისთვის დედის რძის გარდა სხვა სითხის მიღება, მაგალითად წყლის?
- 6 თვემდე ასაკის ჩვილისთვის დედის რძის გარდა სხვა სითხის მიღება საჭირო არ არის, რადგან დედის რძე აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნას როგორც სითხეზე, ისე კალორიებზე. თუმცა, განსაკუთრებით ცხელ დღეებში კოვზით ან საბავშვო ჭიქით შეიძლება ბოთლის წყლის შეთავაზებაც.

- ზაფხულის სიცხე ალბათ ჩვილზეც უარყოფითად მოქმედებს. რით შევუმსუბუქოთ ბავშვს მდგომარეობა?
- ნაკლები და ბუნებრივი ტანსაცმელი, თუ საჭიროა, ამყოფეთ მხოლოდ საფენით. გრილი და ჟანგბადით მდიდარი გარემო, ხშირი ბანაობა, ბევრი სითხე, ეს არის არასრული ჩამონათვალი, რითაც შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ პატარას ზაფხულის სიცხის უარყოფითი გავლენა.

- რამდენად დასაშვებია კონდინციონერის და სხვა ტიპის გამაგრილებელი მოწყობილობების ჩართვა, როდესაც სახლში ჩვილია?
-  თანამედროვე გაგრილების სისტემები ბევრად უსაფრთხოა და აღჭურვილია მაღალი ხარსცის ჰაერის ფილტრებით, რომელთა გამოყენება უსაფრთხოდ ითვლება ექსპლუატაციის შესაბამისი წესების დაცვით.

 

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ნასიცხები და რით ვუმკურნალოთ მას
- ნასიცხების თავიდან აცილება შეიძლება ხშირი ბანაობით, ჰიგიენის წესების მაქსიმალურად დაცვით, ზედმეტი ტანსაცმლის ჩაცმისგან თავის არიდებით და რაც მთავარია, როგორც სიტყვა ,,ნასიცხი“ გვკარნახობს, სიცხისაგან ბავშვის მორიდებით.

- რა სახის დამცავი საშუალებები უნდა ჰქონდეს პატარა ბავშვის დედას სახლში?
- მწერების ნაკბენზე გამოსაყენებელი სპეციალური მალამოები, მწერებისაგან დამცავი სპეციალური ეთერ-ზეთოვანი საშუალებები, მზის სხივებისგან დამცავი ჰიპოალერგიული კრემები.

- თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეაზაფხულის სეზონის რომელი ხილი/ბოსტნეულია რეკომენდირებული დედისთვის და რომელი არა?
- დედას შეუძლია მიირთვას სეზონზე არსებული ყველა სახის ხილი და ბოსტნეული, ზომიერების ფარგლებში. ასევე, მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება. თუ ბავშვს აღენიშნება მეტეორიზმი და/ან კოლიკა, მოერიდეთ წვრილი თესლების მქონე ხილის (მარწყვი, მსხალი, ყურძენი) დიდი რაოდენობით მიღებას. 


 

სალომე გორგოშიძე