როდის ხდება გარუჯვა ონკოპათოლოგიების მიზეზი

როგორ არის უმჯობესი გარუჯვა?
რამდენხანს უნდა ვიყოთ მზის სხივების მოქმედების ქვეშ?
რა უნდა წავისვათ კანზე, თუ მზის აბაზანების დროს კანის დამწვრობას მივიღებთ?

ამ და კიდევ სხვა კითხვებზე გიპასუხებთ ჩაჩავას კლინიკის ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ჩოლოყაშვილი:

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ მზის სხივების ჭარბი რაოდენობა ცუდად მოქმედებს კანზე და იწვევს დამწვრობას. ბევრმა ადამიანმა შეიძლება არც იცის, რომ ეს ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაზე: კუჭზე, ნაწლავებზე, ღვიძლზე, პანკრეასზე და სხვა. ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ დასასვენებლად გამგზავრებამდე ჩაიტარებთ გამოკვლევებს, რათა ავიცილოთ შემდგომი უსიამოვნებები, რაც ხშირად ენტერო ვირუსებს და სხვადასხვა სახის ინფექციებს ბრალდება (თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც ხშირად არის დისკომფორტისა და დაავადების მიზეზი).

- თუ მოხდა და კანის დამწვრობა მაინც მივიღეთ, როგორ მოვიქცეთ? რას გვეტყვით მაწონზე და ხალხში გავრცელებულ სხვა ხალხურ მეთოდებზე დამწვრობის წინააღმდეგ ბრძოლაში?
- მცდარია გავრცელებული აზრი, რომ თითქოს მაწონი, კეფირი და სხვა რძის პროდუქტები დამწვრობას აცხრობს და კურნავს. პროტეინები, რომლებსაც რძის პროდუქტები შეიცავენ, ნაწილობრივ ხელს უშლიან გაუწყლოვანებას, მაგრამ სამკურნალო ეფექტი მაინც დაბალი აქვთ. ასევე, მცდარია კანის სპირტით დამუშავება. ის დამწვრობით ისედაც გამოფიტულ კანს კიდევ უფრო აშრობს. 
თუ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, კარგია პანთენოლის სპრეი. მას ერთდროულად აქვს დამამშვიდებლი, დამატენიანებელი და ანტისეპტიკური ეფექტი.
ღრმა დამწვრობის, დაწყლულების შემთხვევაში კი თვითმკურნალობის ნაცვლად უმჯობესია, კანის ზედაპირის დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ექიმს მიმართოთ.

- რას გვეტყვით დამწვრობის დროს მედიკამენტების მიღებაზე?
- ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ანტიბიოტიკი, ზრდის კანის მგრძნობელობას, ამიტომ გულდასმით წაიკითხეთ პრეპარატის ანოტაცია, ან გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ამით თავს დაიზღვევთ როგორც დამწვრობებისგან, ასევე კანის ალერგიული დაავადებისა და/ან მკვეთრი პიგმენტური ლაქებისგან. 

- როგორ დავიცვათ თავი ჭარბი ულტრაიისფერი სხივებისგან და დამწვრობებისგან?
- უპირველეს ყოვლისა, მზის აბაზანების მიღებამდე უნდა წავისვათ სპეციალური დამცავი ე.წ. UV პროტექტორები. რაც უფრო ღია ფერის კანი გაქვთ, მით უფრო მაღალი ნუმერაციის საცხია საჭირო. თუ ასეთი არ გაქვთ, მაშინ უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი - უმჯობესია ბავშვის, ვინაიდან იგი ნაკლებად შეიცავს ალერგიულ არომატიზატორებს და საღებავებს. დამატენიანებელი უნდა წაისვათ დილის შხაპის დასრულებისთანავე. დატენიანებული კანი დამწვრობას ნაკლებად ექვემდებარება.
გარუჯვა ყოველთვის უმჯობესია დილით 10:00 საათამდე, ან 16:00-ის შემდეგ. თავდაპირველად მიიღეთ რუჯი 15 წუთის განმავლობაში და თანდათან მოუმატეთ დროს. კიდევ უფრო უმჯობესია, თუ მზის აბაზანებს მიიღებთ ჩრდილში - ხის ან ქოლგის ქვეშ.

- რამდენი ტიპის მზის სხივი არსებობს?
- ზოგადად, არჩევენ ორი ტიპის ულტრაიისფერ სხივს:

  • UVA - ახასიათებს მაღალი შეღწევადობა და აღწევს რა კანის (დერმის) ღრმა შრეებში, იწვევს ჭარბი რაოდენობით მელანინის სწრაფ გამომუშავებას. ბევრი ონკოდერმატოლოგიური სკოლა თვლის, რომ ძლიერ გარუჯული კანის შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივების მიერ უკვე დაზიანებული და სახეშეცვლილია დერმის ზედაპირული უჯრედები. სწორეს ეს მიიჩნევა შემდგომში კანის ონკოპათოლოგიების ჩამოყალიბების მიზეზად. რაც უფრო მეტია ადამიანის ცხოვრების განმავლობაში მზის სხივების ჯამური ექსპოზიცია, მით მეტია კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი.
  • UVB - სხივები ხელს უწყობენ ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავებას, რაც თავის მხრივ მდგრადი იმუნური სისტემის და ზოგადი ჯანმრთელობის ერთერთი მთავარი პირობაა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უმჯობესია ჩრდილში გარუჯვა.
საუკეთესოა, თუკი მოძრაობთ, რადგან მაშინ კიდევ უფრო მცირდება დამწვრობის რისკი. ამავე დროს, სხივები თანაბრად ნაწილდება და ხვდება იღლიებსა და სხვა დაფარულ ადგილებში.
უკვე დადგენილი/დადასტურებული ონკოპათოლოგიის შემთხვევაში მზის აბაზანები და გარუჯვა კატეგორიოლად დაუშვებელია!