დიაგნოსტიკური საოფისე ჰისტეროსკოპია - საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი

რას გულისხმობს საოფისე სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია?
რა დაავადებების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა აღნიშნული კვლევა?

ამ საკითხებზე ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, თათა ჯოხაძე გვესაუბრება:

- რას გულისხმობს საოფისე სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია?
- საოფისე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია არის ამბულატორიული პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ხდება საშვილოსნოს ყელის არხის და საშვილოსნოს ღრუს ვიზუალური დათვალიერება, სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკის მიზნით. ეს არის ნოვაციური მეთოდი, საშვილოსნოს ყელის გაფართოვებისა და ანესთეზიის საჭიროების გარეშე.

- როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
- გინეკოლოგიურ სავარძელზე, საშოში გინეკოლოგიური სარკის ჩადგმის და სათანადო დამუშავების შემდეგ, მცირე ზომის სკოპი (კამერა) თავსდება საშვილოსოს ყელის არხის გავლით საშვილოსნოში და ხდება ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს) დათვალიერება.

- საჭიროა თუ არა ანესთეზია პროცედურის დროს?
- უმეტეს შემთხვევაში, პროცედურას ანესთეზიის გარეშე ვატარებთ, ვინაიდან პაციენტების უმრავლესობას მანიპულაცია მარტივად გადააქვს: უმტკივნეულოდ ან მსუბუქი დისკომფორტის ფონზე, რომელიც გრძელდება სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში. თუმცა, პაციენტის მოთხოვნის მიხედვით შესაძლოა პროცედურის ინტრავენური გაუტკივარებით ჩატარებაც.

- რა დაავადებების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა აღნიშნული კვლევა?
- დიაგნოსტიკური საოფისე ჰისტეროსკოპია საშვილოსნოს ღრუ პათოლოგიების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია. მისი მეშვეობით ხდება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირება: საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, სუბმუკოზური საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ღრუს შეხორცებები, საშვილოსნოს განვითარების ანომალიები (უნაგირა საშვილოსნო, ორრქიანი საშვილოსნო, საშვილოსნოს ღრუს ძგიდე) ან მისი მეშვეობით გამოირიცხება ენდომეტრიუმის პათოლოგია, რაც აადვილებს სწორ დიაგნოზამდე მისვლას. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ბევრი კლინიკა აღნიშნულ კვლევას ატარებს რუტინულად, ხელოვნური განაყოფიერების წინ, რათა გამოირიცხოს საშვილოსნოს ღრუს პათოლოგია და პრევენცირებული იყოს ჯანსაღი ემბრიონის ამ მიზეზით დაკარგვა.

ჰისტეროსკოპიის ჩატარების ჩვენებაა:

  • დისფუნქციური სისხლდენა საშოდან/მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ჭარბი და/ან მტკივნეული მენსტრუაციები, გახანგრძლივებული ციკლი, მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი, სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის შემდეგ), რომლის მიზეზის დადგენა არაინვაზიური სტანდარტული კვლევებით ვერ მოხერხდა. საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიის დიაგნოსტირება ხშირად ექოსკოპიურად ვერ ხდება და ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ჰისტეროსკოპია;
  • ტკივილი მცირე მენჯის ღრუში;
  • რამდენიმე თვითნებითი აბორტი;
  • უშვილობა.

 უპირატესობები:

  • მინიმალური ინვაზია და მაღალი ინფორმატიულობა;
  • პროცედურა ამბულატორიული ჩატარება;
  • ანესთეზიის საჭიროების დაბალი მაჩვენებელი;
  • რამდენიმე წუთიანი მანიპულაცია;
  • პაციენტი ეწერება ბინაზე, პროცედურის დამთავრებისთანავე.