უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ჩაჩავას კლინიკაში

რა იწვევს უშვილობას?
როგორია უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

ამ საკითხზე ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ცენტრის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქეთი გოცირიძე გვესაუბრება:

- რას გვეტყვით უშვილობის გამომწვევ ძირითად მიზეზებსა და სტატისტიკაზე?
- მსოფლიო სტატისტიკით, ყოველი მეექვსე წყვილი უშვილოა. ეს მოსახლეობის დაახლოებით 15%-20%-ს წარმოადგენს. უნაყოფობის 30% შეადგენს ქალის ფაქტორით განპირობებულ უნაყოფობას, დაახლოებით იგივე - 30% მამაკაცის ფაქტორით არის განპირობებული, ხოლო დანარჩენ პროცენტში შემთხვევები კომპლექსური პრობლემებით არის გამოწვეული ან ჯერჯერობით ამოუხსნელია.

- როდის ისმება უშვილობის დიაგნოზი?
- უნაყოფობის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც 35 წლამდე,  ერთწლიანი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად, არ დგება ორსულობა. 35 წელს ზემოთ ეს ვადა გახლავთ 6 თვე, 40 წელს ზემოთ - 3 თვე. დროული მიმართვა ექიმთან და სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან, მოგეხსენებათ, ქალი იბადება გარკვეული რეზერვით. მისი კვერცხუჯრედების კლება იწყება 30 წლიდან, შესაბამისად, დრო არის ის, რაც არ უნდა დაკარგოთ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, მაგრამ დრო იკარგება არასწორ კვლევებსა და პროცედურებში და არ იდგმება ის არსებითი ნაბიჯები, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრისკენ იქნება მიმართული. 

- მკურნალობის რა მეთოდებს სთავაზობს ჩაჩავას რეპროდუქციული ცენტრი უშვილო წყვილებს?
- ჩვენს ცენტრში დანერგილია როგორც ქალის, ისე მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია. პაციენტის ჩვენთან მომართვის შემდგომ, მკურნალობა იწყება როგორც ელემენტარული ჰორმონული პრობლემის კორეგირებით, ისე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით: ინსემინაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტისთვის მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე გაკეთდეს არჩევანი მკურნალობის ზუსტად იმ მეთოდზე, რაც მისი პრობლემის მიმართ იქნება მიმართული. 
ინ ვიტრო განაყოფიერება გახლავთ დღევანდელი მედიცინის სასწაული, რომლის დახმარებითაც უკვე ათასობით ოჯახს ეწვია დიდი ბედნიერება. ჩვენი დახმარებით, ის ბიოლოგიური პროცესი, რომელიც უნდა მომხდარიყო ქალის საშვილოსნოში, ხდება საშვილოსნოს გარეთ, ჩვენს ლაბორატორიაში. ამ საოცრად ფაქიზი და ნატიფი პროცედურის შესასრულებლად ჩვენ გვეხმარება ის მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ცენტრში. IVF ლაბორატორიაში ზედმიწევნით არის დაცული უმკაცრესი საერთაშორისო სტანდარტები. საუკეთესო ინტელექტუალურ რესურსთან ერთად, უნიკალური ტექნიკური აღჭურვილობა მნიშვნელოვნად ზრდის ცენტრის შესაძლებლობებს და განაპირობებს წარმატების მაღალ მაჩვენებლებს. ვენტილაციის უნიკალური სისტემა, პროცესების მუდმივი მონიტორნიგის მექანიზმები, დანადგარები, რომლებიც ორგანული გარემოს იმიტირებას ახდენენ, ქმნიან ამ საოცარ გარემოს  და ულტრათანამედროვე სივრცეში ახალი სიცოცხლე და მომავალი მშობლების ბედნიერება იბადება.

- რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად?
- იქიდან გამომდინარე, რომ 
სერვისების უწყვეტობა ჩვენი კლინიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, აქ ერთად არის მოქცეული ყველა ის სერვისი, რომელიც ოჯახს სჭირდება. ჩვენ გეხმარებით ნანატრი ორსულობის დადგომაში, ვაწარმოებთ მშობიარობამდელ მეთვალყურეობას და თქვენთან ერთად ვიზიარებთ ახალი სიცოცხლის გაჩენის ბედნიერებას. ჩვენს მნიშვნელოვან პრიორიტეტად ასევე მივიჩნევთ პაციენტებთან ღია დამოკიდებულებას და მათ სრულ ჩართულობას, უნაყოფობის მკურნალობის ყველა ეტაპზე. ჩვენი ცენტრის წარმატების კოეფიციენტი ყოველდღიურად მზარდია. ყველაზე ძალიან ის გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს ბევრი ადამიანის ძალიან დიდ ბედნიერებაში.