როდის ხდება ჩვეულებრივი ხალი საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

რატომ ვითარდება კანის სიმსივნე?
რა წესების დაცვაა საჭირო კანის სიმსივნის პრევენციისთვის?
როდის ხდება ჩვეულებრივი ხალი საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

ამ თემაზე ჩაჩავას კლინიკის ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ჩოლოყაშვილი გვესაუბრება:

- ადამიანს კანზე და რბილ ქსოვილებში უჩნდება წარმონაქმნები, რაც საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა. მათი დაყოფა შეიძლება სახეობების მიხედვით: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საშიშროებით) და ავთვისებიანი. კანის და რბილქსოვილოვანი სიმსივნეები, ისევე როგორც ზოგადად ქსოვილები, შედგება უჯრედებისაგან. თუმცა, ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით, სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება. ამ პროცესს სიმსივნური ტრანსფორმაცია ეწოდება. ამის შედეგად წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივ მდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს, იძლევა მეტასტაზებს.

- რატომ ვითარდება კანის სიმსივნე?
გაღიზიანების თეორია - ამ თეორიის თანახმად, ქსოვილების ხშირი ტრავმატიზაცია აჩქარებს უჯრედების დაყოფას: ტრავმის შემდგომ ისინი იძულებულნი ხდებიან, სწრაფად დაიყონ, რათა ჭრილობა დროულად შეხორცდეს და ამით ბიძგს აძლევენ ორგანიზმში სიმსივნურ ზრდას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ხალები, რომლებიც ტანსაცმლით ხშირი ცვეთისა და გაღიზიანების შედეგად ავთვისებიან წარმონაქმნებად გარდაიქმნება.

ფიზიკურ-ქიმიური თეორია - იგი სიმსივნეების განვითარების მიზეზად ორგანიზმზე სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორის ზემოქმედებად მიიჩნევა. ეს ფაქტორებია რენტგენისა და გამა-გამოსხივება. კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედება, უჯრედთა ონკოტრანსფორმაციას იწვევს.
ენდოგენური კანცეროგენების ზემოქმედება - მოგეხსენებათ, ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება მეტაბოლური პროდუქტები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ასეთ ნარჩენს უნარი შესწევს, უჯრედების სიმსივნური ტრანსფორმაცია გამოიწვიოს. მაგალითად, დადგენილია ამ პროცესში ტრიფტოფანისა და თიროზინის მეტაბოლიტების როლი. ისინი ონკოცილებს წარმოქმნიან, ეს უკანასკნელნი კი ჯანმრთელი უჯრედების სიმსივნურ გარდაქმნას აპროვოცირებენ.
ვირუსულ-გენეტიკური თეორია - ზოგიერთი ვირუსი უჯრედებში შეჭრისას არღვევს დაყოფის მარეგულირებელ მექანიზმებს და სიმსივნურ ტრანსფორმაციას იწვევს. უჯრედების გენეტიკური აპარატის ცვლილების შემდგომ, უწესრიგო დაყოფა თავისთავად გრძელდება და ამ პროცესში ვირუსი მნიშვნელოვან როლს უკვე აღარ ასრულებს. ასეთ ვირუსებს ონკოვირუსებს უწოდებენ. ონკოვირუსებია: T-უჯრედოვანი ლეიკოზის ვირუსი, პაპილომავირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ჰერპეს-ვირუსი, B დაC ჰეპატიტების ვირუსები.
მუტაციური თეორიასიმსივნური პროცესის განვითარების მიზეზად კანცეროგენების, ანუ სიმსივნის გამომწვევი ფაქტორების გავლენით უჯრედების გენეტიკურ აპარატში მიმდინარე მუტაციებს მიიჩნევს. ფაქტორებს, რომლებიც უჯრედის გენეტიკურ აპარატში მუტაციებს იწვევს, მუტაგენები ეწოდება. ყველაზე ჯანმრთელ ორგანიზმშიც კი მუდმივად მიმდინარეობს ერთეული მუტაციები და მათი სიმსივნური ტრანსფორმაცია, მაგრამ, ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა ,,არასწორ უჯრედებს" სწრაფად ანადგურებს.
დეზონტოგენური თეორია - სიმსივნის მიზეზი ჩანასახოვან-ემბრიოგენულ სტადიაზე ქსოვილთა განვითარების დარღვევაა, რაც შემდგომ მაპროვოცირებელ ფაქტორთა გავლენით ონკოლოგიურ წარმონაქმნად ტრანსფორმირდება.

- რა წესების დაცვაა საჭირო კანის სიმსივნის პრევენციისთვის?
- კანის და რბილქსოვილოვანი წარმონაქმნები, იქნება თანდაყოლილი თუ შეძენილი, უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ დაკვირვებას:
• კანზე საეჭვო წარმონაქმნი ჩნდება არა მხოლოდ ღია, მზისგან დაუცველ, არამედ ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზეც;
• მაქსიმალურად დაიცავით ბავშვები მზისგან, ქუდით, ტანსაცმლით (რეგულარულად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, ლოსიონი მზის დაცვის მაღალი ფაქტორით (30-დან 50-მდე));
• შეეფარეთ ჩრდილს, როდესაც ზაფხულის მზე მეტისმეტად მწველია (10:00-დან 16:00-საათამდე);
• დაიცავით კანი და თვალები ქუდით, პერანგით, სათვალით;
• არ მიიღოთ მზის დამწვრობა! მიეცით კანს საშუალება, ნელ-ნელა შეეჩვიოს მზეს;
• მოერიდეთ სოლარიუმში სიარულს;
• თუ იმყოფებით მთაში ან ზღვაზე, წაისვით საცხი მზის დაცვის მაღალი ფაქტორით.

- ვინ მიეკუთვნება კანის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფს
- მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს:
• ღია ფერის კანის მქონე ადამიანი, ან ის, ვინც ადვილად იწვება მზეზე;
• ვისაც ბავშვობაში მიღებული აქვს მზის დამწვრობა;
• ვინც დიდ დროს ატარებს მზეზე;
• ვინც ხშირად დადის სოლარიუმში;
• ვისაც აქვს მრავლობითი ხალი (40-50-ზე მეტი);
• ვისაც აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა;
• ვისი ასაკიც აღემატება 50 წელს;
• ვისაც აქვს გადანერგილი ორგანო.

- რას გვეტყვით ხალებზე
- განსაკუთრებული აგრესიულობით ხასიათდება გაავთვისებიანებული ხალი, ანუ პიგმენტური ნევუსი - მელანომა. ამიტომ ის საჭიროებს მეტ ყურადღებას.
ხალი, ანუ ნევუსი, ყველას აქვს სხეულზე. მიჩნეულია, რომ მათი ძირითადი ნაწილი 25 წლამდე ჩნდება, თუმცა შესაძლებელია მათი მოგვიანებით გაჩენაც. მაგალითად, ორსულობის დროს. ზოგჯერ პირიქით - ხალები დროთა განმავლობაში ქრება. ნევუსი შეიძლება იყოს ყვითელი, ყავისფერი და შავი. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და საშიშიც არაფერია. 
მელანომა ხალის ადგილზე ვითარდება. ასეთ გადაგვარებას ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს და დარწმუნებულია, რომ მათ სხეულზე წინანდელი უწყინარი ლაქაა. 

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კანზე ესა თუ ის წარმონაქმნი საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის
- თუ გაგიჩნდათ უჩვეულო ფორმის ახალწარმონაქმნი, რომელიც:
• არათანაბრად იზრდება და დაირღვა კონტური;
• იცვლის ფერს - დაკარგა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ;
• არათანაზომიერი გახდა შეფერილობა - გაჩნდა ერთზე მეტი ფერი - ყავისფერი, შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი ან მოცისფრო, პერიფერიაზე გაჩნდა ქობა;
• ხალმა დაიწყო აქერცვლა, ან მის ადგილას კანზე პიგმენტური ლაქა ჩამოყალიბდა;
• ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა ანთებითი სიწითლე; 
• ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა;
• ხალის არეში თავი იჩინა ქავილმა, წვამ, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ;
• ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები და განვითარდა სისხლდენა.

ეს ნიშნები საგანგაშოა და სასწრაფოდ საჭიროებს ექიმის ჩარევას!

- რა მეთოდებით ხდება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ტარდება დიფერენციალური დიაგნოსტირება ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპით, ასპირაციული და ტრეპან ბიოფსიით. ეს აუცილებელი პირობაა შემდგომი, სწორი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისათვის. ონკოლოგიის საერთო პრინციპებიდან გამომდინარე, ავთვისებიანი სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს ჯანსაღი ქსოვილის ფარგლებში, რათა არ განმეორდეს სიმსივნური ზრდა. ასევე გამოიყენება მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდები, რომლებიც რეალურ შედეგს იძლევა. ექიმთან დროული მომართვა, დიაგნოსტირება და ოპტიმალური მკურნალობა თავიდან აგაცილებთ სიმსივნის ზრდას, მის შესაძლო მეტასტაზირებას, რაც შემდგომ მკურნალობას ართულებს და საჭიროებს ისეთი მეთოდების ჩართვას, როგორებიცაა: ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია.



სალომე გორგოშიძე