ჰისტეროსკოპია
საოფისე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია - ეს არის ამბულატორიული პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ხდება საშვილოსნოს ყელის არხის და საშვილოსნოს ღრუს ვიზუალური დათვალიერება, სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკის მიზნით. ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომელიც ტარდება საშვილოსნოს ყელის გაფართოვებისა და ანესთეზიის საჭიროების გარეშე.
გინეკოლოგიურ სავარძელზე, საშოში გინეკოლოგიური სარკის ჩადგმის და სათანადო დამუშავების შემდეგ, მცირე ზომის სკოპი (კამერა) თავსდება საშვილოსოს ყელის არხის გავლით საშვილოსნოში და ხდება ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს) დათვალიერება.
უმეტეს შემთხვევებში პროცედურა ტარდება ანესთეზიის გარეშე, ვინაიდან პაციენტების უმრავლესობას მანიპულაცია ძალიან ადვილად გადააქვს: უმტკივნეულოდ ან მსუბუქი დისკომფორტის ფონზე, რომელიც გრძელდება სულ რამდენიმე წუთი. თუმცა, პაციენტის მოთხოვნის მიხედვით შესაძლოა პროცედურის ინტრავენური გაუტკივარებით ჩატარება.
დიაგნოსტიკური საოფისე ჰისტეროსკოპია არის საშვილოსნოს ღრუ პათოლოგიების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი. მისი მეშვეობით ხდება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირება:
- საშვილოსნოს ღრუს პოლიპი;
- სუბმუკოზური საშვილოსნოს მიომა;
- საშვილოსნოს ღრუს შეხორცებები;
- საშვილოსნოს განვითარების ანომალიები (უნაგირა საშვილოსნო, ორრქიანი საშვილოსნო, საშვილოსნოს ღრუს ძგიდე);
- გამოირიცხება ენდომეტრიუმის პათოლოგია, რაც აადვილებს სწორი დიაგნოზის დასმას.
ამერიკის და ევროპის ქვეყნებში ბევრი კლინიკა აღნიშნულ კვლევას ატარებს რუტინულად, ხელოვნური განაყოფიერების წინ, რათა გამოირიცხოს საშვილოსნოს ღრუს პათოლოგია და პრევენცირებული იქნას ჯანსაღი ემბრიონის ამ მიზეზით დაკარგვა.
ჰისტეროსკოპიის ჩატარების ჩვენებაა:
- დისფუნქციური სისხლდენა საშოდან/მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ჭარბი და/ან მტკივნეული მენსტრუაციები, გახანგრძლივებული ციკლი, მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი, სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის შემდეგ), რომლის მიზეზის დადგენა არაინვაზიური სტანდარტული კვლევებით ვერ მოხერხდა, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიის დიაგნოსტირება ხშირად ექოსკოპიურად ვერ ხდება და ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ჰისტეროსკოპია;
- ტკივილი მცირე მენჯის ღრუში;
- რამდენიმე თვითნებითი აბორტი;
- უშვილობა.
უპირატესობები:
- მინიმალური ინვაზია და მაღალი ინფორმატიულობა;
- პროცედურა ტარდება ამბულატორიულად;
- უმეტეს შემთხვევაში ანესთეზიას არ საჭიროებს;
- გრძელდება რამდენიმე წუთი;
- პაციენტი ეწერება ბინაზე, პროცედურის დამთავრებისთანავე.