უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ჩაჩავას კლინიკაში
უშვილობის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ამ საკითხზე ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ცენტრის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქეთი გოცირიძე გვესაუბრება.
რას გვეტყვით უშვილობის გამომწვევ ძირითად მიზეზებსა და სტატისტიკაზე?
მსოფლიო სტატისტიკით, ყოველი მეექვსე წყვილი არის უშვილო, ეს წარმოადგენს მოსახლეობის დაახლოებით 15%-20%. უნაყოფობის 30% მოდის ქალის ფაქტორით განპირობებულ უნაყოფობაზე, დაახლოებით იგივე-30% მამაკაცის ფაქტორით, ხოლო დანარჩენ პროცენტში შემთხვევები კომპლექსური პრობლემებით არის გამოწვეული ან ჯერჯერობით ამოუხსნელია.
როდის ისმება უშვილობის დიაგნოზი?
უნაყოფობის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც 35 წლამდე, ერთწლიანი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად, არ დგება ორსულობა. 35 წელს ზევით ეს ვადა გახლავთ 6 თვე, 40 წელს ზემოთ კი 3 თვე. დროული მიმართვა ექიმთან და სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რადგან, მოგეხსენებათ, ქალი იბადება გარკვეული რეზერვით, მისი კვერცხუჯრედების კლება იწყება 30 წლიდან, შესაბამისად, დრო არის ის მთავარი, რაც არ უნდა დაკარგოთ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, მაგრამ დრო იკარგება არასწორ კვლევებსა და პროცედურებში, არ იდგმება ის არსებითი ნაბიჯები, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრისკენ იქნება მიმართული.
მკურნალობის რა მეთოდებს სთავაზობს ჩაჩავას რეპროდუქციული ცენტრი უშვილო წყვილებს?
ჩვენს ცენტრში დანერგილია როგორც ქალის, ისე მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, პაციენტის ჩვენთან მომართვის შემდგომ მკურნალობა იწყება როგორც ელემენტარული ჰორმონული პრობლემის კორეგირებით ისე დამხამრე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ასეთია ინსემინაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შეერჩეს მკურნალობის ზუსტად ის მეთოდი, რაც მისი პრობლემის მიმართ იქნება მიმართული.
ინ ვიტრო განაყოფიერება გახლავთ დღევანდელი მედიცინის სასწაული, რომლის დახმარებითაც უკვე ათასობით ოჯახს ეწვია დიდი ბედნიერება. ჩვენი დახმარებით, ის ბიოლოგიური პროცესი რომელიც უნდა მომხდარიყო ქალის საშვილოსნოში, ხდება საშვილოსნოს გარეთ, ჩვენს ლაბორატორიაში, ამ საოცრად ფაქიზი და ნატიფი პროცედურის შესასრულებლად ჩვენ გვეხმარება ის მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ცენტრში. IVF ლაბორატორიაში ზედმიწევნით არის დაცული უმკაცრესი საერთაშორისო სტანდარტები, საუკეთესო ინტელექტუალურ რესურსთან ერთად უნიკალური ტექნიკური აღჭურვილობა მნიშვნელოვნად ზრდის ცენტრის შესაძლებლობებს და განაპირობებს წარმატების მაღალ მაჩვენებლებს. ვენტილაციის უნიკალური სისტემა, პროცესების მუდმივი მონიტორნიგის მექანიზმები, დანადგარები, რომლებიც ორგანული გარემოს იმიტირებას ახდენენ, ამ ულტრათანამედროვე სივრცეში ახალი სიცოცხლე და მომავალი მშობლების ბედნიერება იბადება.
სერვისების უწყვეტობა არის ჩვენი კლინიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, აქ ერთჭერქვეშ არის მოქცეული ყველა ის სერვისი, რომელიც ოჯახს სჭირდება, ჩვენ გეხმარებით დადგეს ნანატრი ორსულობა, ვაწარმოებთ მშობირობამდელ მეთვალყურეობას და თქვენთან ერთად ვიზიარებთ ახალი სიცოცხლის გაჩენის ბედნიერებას.
ჩვენს მნიშვნელოვან პრიორიტეტად მივიჩნევთ პაციენტებთან ღია დამოკიდებულებას, მათ სრულ ჩართულობას უნაყოფობის პრობლემის მკურნალობის ყველა ეტაპზე. ჩვენი ცენტრის წარმატების კოეფიციენტი ყოველდღიურად მზარდია, გვიხარია რომ შეგვაქვს წვლილი ბევრი ადამიანის ძალიან დიდი ბედნიერებაში.